კურორტი / ღირსშესანიშნაობები / გაქვავებული ტყე
კურორტი

გაქვავებული ტყე

გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლი წარმოადგენს პლიოცენის პერიოდის განამარხებული ფლორისა და ფაუნის უნიკალურ ადგილსამყოფელს, რომელიც წარმოდგენილია ძეგლის ფარგლებში 3 მონაკვეთზე, ზღვის დონიდან 1600-2100 მ. სიმაღლეზე, ადიგენისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. საერთო ფართობი ჯამში შეადგენს 365 ჰა-ს. ძეგლი მსოფლიო მნიშვნელობისაა. ბუნების უიშვიათესი საოცრება, რომელიც ჯერ-ჯერობით მხოლოდ შუა აზიასა და საქართველოს მიწაზეა მიკვლეული მას კაჟის ტყესაც უწოდებენ. 

გოდერძის წყების ტერიტორიის (ბუნების ძეგლის) რელიეფი საკმაოდ რთული, მთაგორიანი და დანაწევრებულია. იგი აგებულია ზედა მიოცენურ - ქვედა პლიოცენური ასაკის ნალექებით, რომელიც წარმოდგენილია ვულკანოგენური ქანებით - ვულკანური ბრექჩიებით, ლავური განფენებით და კონგლომერატებით.

წყების მაქსიმალური სიმძლავრე 250 მეტრს აღწევს. კლდეებზე გზის გასწვრივ, ბუნებრივი გაშიშვლების ვულკანურ ბრექჩიებში, კარგად მოჩანს განამარხებული ფლორის და გაქვავებული ხის სხვადასხვა ზომის, ფორმისა და ორიენტირების ბუნებრივი ანაბეჭდები.

მილიონი წლის წინათ იქ ხარობდა ტყე, რომელიც შემდეგ ვულკანური ქანებით დაიფარა, დროთა განმავლობაში ქანებში მოყოლილი ხის ნაწილები დალპა და მიწის სიღრმეში დარჩა მათი ფორმისა და ზომის სიცარიელე. ალაგ-ალაგ საუკეთესოდ არის შემონახული პალმისა და სითბოს მოყვარული ფოთლოვანი მცენარეების, განსაკუთრებით დაფნისნაირების ფითლების ანაბეჭდი, რაც იმას მიგვანიშნებს, რომ ამ პერიოდში ტროპიკული ჰავა ყოფილა და შესაფერისი მცენარეები ხარობდნენ. აქ ნაპოვნია პალმები, მაგნოლიები, დაფნები, მირიკსსებურნი, საპინდუსისებურნი, მირტისებურნი, ერთი მხრივ და ტირისებურნი, არყი, რცხილა, წიფლისებრნი-მეორე მხრივ. გოდერძის ფლორის ასაკს ქვედაპლიოცენურად განსაზღვრავენ. 

მცენარეული ნაშთები გამოსახულია ხეების გაქვავებული და ნახევრად გაქვავებული ღეროებით და ფოთლების ანაბეჭდებით, რომლებიც მოქცეულია ნაცრისფერ ვულკანურ ტუფში. ზოგიერთი ხე ვერტიკალურ მდომარეობაშია დამარხული, ზოგიც წაქცეულია. ეს უკანასკნელი დიდძალ მცენარეულ ნაშთებს შეიცავს, რაც მოწმობს ვულკანური ამოფრქვევის დროს ამ ადგილას ტყის არსებობას. ,,გოდერძის ფლორა“ შედგენილია ტროპიკული და ზომიერი ჰავისათვის დამახასიათებელი მცენარეების ნარევით (მარადმწვანე და ფოთოლცვენადი სახეობებით) მკაცრ დაცვას მოითხოვს მეცნიურული მნიშვნელობის გამო, მით უმეტეს რომ არ ერიდებიან მის ხელყოფას, რადგან ხელნაკეთობისათვის გამოსადეგი მასალაა.

მდებარეობა: ადიგენისა და ხულოს მუნიციპალიტეტები გოდერძის უღელტეხილის მიდამოები, ბათუმი ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის სიახლოვეს.

კოორდინატები: X 291276 Y 4613080

გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე დასახლებული პუნქტია ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი ზარზმა. თბილისიდან ზარზმა დაშორებულია 240 კმ-ით; ხანგრძლივობა - 4 სთ;

სოფელ ზარზმიდან გოდერძის ნამარხი ტყისბუნების ძეგლი  - 18 კმ; ხანგრძლივობა - 30 წთ;

ქალაქ ბათუმიდან გოდერძის უღელტეხილის გავლით ბუნების ძეგლამდე მანძილი შეადგენს 115 კმ-ს; ხანგრძლივობა - 2 სთ და 30 წთ.

Live
ინფორმაცია
პირდაპირ
რეჟიმში
16°
2500m
900km
Live Camera
ტრასები
საბაგირო