კურორტი / ღირსშესანიშნაობები / მწვანე ტბა
კურორტი
მწვანე ტბა

მწვანე ტბა ზემო აჭარაში, გოდერძის უღელტეხილთან ახლოს, არსიანის ქედის ჩრდილოეთით, ზღვის დონიდან 2058 მეტრზე მდებარეობს. ტბას მოგრძო ოვალური ფორმა აქვს, მისი სიგრძე – 430 მეტრია, სიგანე კი 180 მეტრი, სიღრმე 18-20 მეტრია და ის ტბის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ტბის ფართობი 45 000 მეტრია. ტბა საზრდოობს ატმოსფერული ნალექებით, თოვლის ნადნობი და გრუნტის წყლებით. ტბისთვის დამახასიათებელია დონის რყევადობა, რაზედაც მეტყველებენ სანაპიროზე გამორიყული მორების, ტოტებისა და ფოთლების ზოლისმაგვარი განლაგება. გარდა ამისა დონის რყევადობის აშკარა მაჩვენებელს წარმოადგენს მინიატურული ტერასების არსებობა. მწვანე ტბის ქვაბულს ვარცლისებრი ფორმა აქვს, ოდნავ ჩრდილოეთისაკენ დახრილი ფსკერით. ტბის ზედა ფენებში წყლის ტემპერატურა 11-12 გრადუსი, ხოლო ფსკერთან კი 6 გრადუსია. წყალი სუსტად მინერალიზებულია, სუფთა, გამჭვირვალე და სასმელად ვარგისია. ტბაში თევზი არ არის. 

ტბა უზარმაზარ მთებს შორის არის მოქცეული და ნაძვნარითა და წიფლნარითაა შემოსაზღვრული. კამკამა წყალი მასში არეკლილ მთებთან ერთად საოცარ სიმშვიდეს ქმნის. ტბაზე გასვლა გვიან გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომის პირველ ნახევარში არის შესაძლებელი. ზამთრობით ტბასთან მისვლა თოვლის მაღალი საფარის გამო გართულებულია, თუმცა მწვანე ტბა აღნიშნულ პერიოდში განსაკუთრებით გამორჩეულია ექსტრემალებისათვის.

Live
ინფორმაცია
პირდაპირ
რეჟიმში
16°
2500m
900km
Live Camera
ტრასები
საბაგირო