ხიხანის ციხე
რეგიონი: ხულო
ტიპი: საფორტიფიკაციო და არქეოლოგიური ძეგლები
თარიღი: შუა საუკუნეები
მდებარეობა: სოფელი ზედა თხილვანა
ხიხანის ციხე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ციხეა აჭარაში დღემდე არსებულ სხვა ციხეებთან შედარებით. იგი მდებარეობს ხულოს მუნიციპალიტეტის, სხალთა-ხიხანის წყლის სათავეებთან, ბათუმიდან 125 კმ-ის მოშორებით, აჭარა შავშეთის საზღვარზე, ზღვის დონიდან 2635 მ.-ის სიმაღლეზე. ციხესიმაგრის სამშენებლო წყობაში გამოირჩევა რამდენიმე ფენა: უძველესი – X-XI საუკუნეებისა და ახალი XVII-XIX საუკუნეებისა. ციხეს გააჩნია ერთადერთი საცალფეხო მისადგომი სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან.
ციხის ფართობი თითქმის ერთ ჰექტრამდეა და ამ ტერიტორიის მხოლოდ მცირე ნაწილია მოვაკებული, დანარჩენი დამრეც და ციცაბო ფერდობზეა განლაგებული. ციხეს გალავანი ოთხი კოშკით ყოფილა დამშვენებული რომელთა კედლებშიც სათვალთვალო სარკმელ-სათოფურებია დატანებული. ციხის ტერიტორიაზე ბევრგან შეინიშნება სხვადასხვა დანიშნულების შენობათა ნაშთები. როგორიცაა: თონე, მარანი, ეკლესია და ჭა. ხიხანის ციხის აშენების ზუსტი თარიღი ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა მეცნიერთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ იგი X-XIII საუკუნეებს უნდა მიეკუთვნებოდეს.
აღნიშნულ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევითი სამუშაოები რის შემდეგაც შეიქმნება ძეგლის საპროექტო დოკუმენტაცია. ასევე იგეგმება ხიხანის ციხის არქეოლოგიური კვლევა-ძიება, რომელიც დღის სინათლეზე გამოიტანს ხიხანის ციხის ისტორიის დღემდე უცნობ დეტალებს.